თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება.
მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ პროფესიული საჭიროებებს, რომლის საფუძველზეც ადგენს არანაკლებ ერთწლიან ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას, რომელშიც აისახება მასწავლებლის მიერ პროფესიული განვითარების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.
საქმიანობის სახეობა დამოკიდებულია უშუალოდ მიზანზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მიზნის მისაღწევად საჭიროა ლოგიკურად და თანმიმდევრულად დაგეგმილ რამდენიმე საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, როგორებიცაა პრაქტიკული კვლევა, სამოდელო გაკვეთილი, ერთობლივი გაკვეთილი, სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ.
გარდა საქმიანობების განსაზღვრისა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქმიანობების განრიგის შემუშავებას. ასევე სასურველია წინასწარ განისაზღვროს თითოეული აქტივობისათვის საჭირო დრო როგორც უშუალოდ საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე მოსამზადებელი სამუშაობის გათვალისწინებით.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ გეგმებში საჭირო გახდეს გარკვეული ცვლილებების განხორციელება შინაარსის, საქმიანობისსახეობის ან განრიგის თვალსაზრისით.
პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება
პროფესიული განვითარების დაგეგმვის შემდეგ იწყება მისი განხორციელების ეტაპი, რომელიც გულისხმობს ორ პარალელურ პროცესს. ერთი მხრივ, მასწავლებელი მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების ღონისძიებაში - ტრენინგებში, კოლეგებთან ერთად ჯგუფური ღონისძიებებში (ერთობლივი გაკვეთილი, ურთიერთდასწრება, მონაცემთა ანალიზი და სხვა) და ასევე მუშაობს ინდივიდუალურად (პროფესიული ლიტერატურის დამუშება და სხვა). პარალელურად მასწავლებელი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებს თავის საკლასო ოთახში, აანალიზებს საკუთარ საქმიანობას და შეკითხვებისა და გაურკვეველი საკითხების აღმოფხვრას ცდილობს მომდევნო საქმიანობების დროს.
შედეგების შეფასება
წლის ბოლოს სასურველია, მასწავლებელმა შეაჯამოს და შეაფასოს მის მიერ განხორციელებული პროფესიული საქმიანობების შედეგები. სკოლაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, ეს შესაძლებელია მოხდეს სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფთან, შესაბამის საგნობრივ კათედრასთან ან გარე ექსპერტთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, ერთი მხრივ, კოლეგებთან და/ან სკოლის ხელმძღვანელობასთან წარმოაჩინოს მის მიერ გაწეული ძალისხმევა, მეორე მხრივ კი, კოლეგებთან ერთად გაააანალიზოს და შეაფასოს გაწეული საქმიანობა.
პროფესიული განვითარების პროგრამის შეფასების ერთ-ერთ ობიექტი არის მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები: შეძლო თუ არა მასწავლებელმა ყველა საქმიანობისშესრულება? რით იყო განპირობებული ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)? გაამართლა თუ არა დაგეგმილმა აქტივობებმა მასწავლებლის მოლოდინები?
თუმცა პროფესიული განვითარების ეფექტურობის შეფასების უმთავრეს ფოკუსს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ცვლილებები მასწავლებლის პრაქტიკაში და, მეორე მხრივ, მოსწავლის სწავლასა და შედეგებში იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც დასახული იყო წლის დასაწყისში:
·
როგორ შეიცვალა მასწავლებლის პრაქტიკა პროფესიული საქმიანობების შედეგად? იმ მიზნის გათვალისწინებით, რომელიც დასახული გქონდათ, რას აკეთებთ საკლასო ოთახში ახლა განსხვავებულად?
·
როგორ შეიცვალა მოსწავლეების სწავლის პროცესი და შედეგები პროფესიული საქმიანობების შემდეგ? რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად? გაუმჯობესდა თუ არა მათი შედეგები?
უკუკავშირი პრაქტიკაში
უკუკავშირი წარმატებული რომ იყოს - სწორად მივიდეს მიმღებამდე, მის მიერ კარგად იყოს მიღებული და ჰქონდეს პოზიტიური გავლენა, აუცილებელია შესაბამისი წესების დაცვა და რამდენიმე წინაპირობის გათვალისწინება.
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან წინაპირობას, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ეფექტური უკუკავშირის დასამყარებლად:
·
უკუკავშირის როგორც გამცემს, ისე მიმღებს გაცნობიერებული აქვს უკუკავშირის დადებითი ეფექტები;
·
ყველა მზად არის ახლის შესასწავლად და მაღალი აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
·
არის ურთიერთნდობის და ურთიერთმფარველობის ატმოსფერო;
·
არის მშვიდი სამუშაო გარემო და საკმარისი დრო;
·
უკუკავშირის გამცემი თავად არის სანიმუშო მხოლოდ უკუკავშირის გაცემის კი არა, ასევე მიღების დროსაც (ანუ როცა თავად მას აძლევენ უკუკავშირს).
·
ყველა - გამცემიც და მიმღებიც - წინასწარ იცნობს „თამაშის წესებს“ და მისდევს მას;
·
იმისათვის, რომ სიგნალები უკეთ იყოს გაგებული და გაზიარებული, აუცილებელია უკუკავშირის გამცემი ლაპარაკობდეს უკუკავშირის მიმღების ენაზე, ანუ გასცემდეს ინფორმაციას, რომელიც მიმღების გონებრივ და ემოციურ ჩარჩოებში ჯდება;
·
უნდა მოხდეს უკუკავშირის როტაცია, რათა თავიდან იყოს აცილებული მიმღებისა და გამცემის ცალმხრივი როლები.
უკუკავშირი უნდა იყოს კონსტრუქციული, სასარგებლო და განხორციელებადი. მასწავლებლები განსხვავებულად რეაგირებენ შეფასებასა და უკუკავშირზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებელმა დაბალანსებულად და ფრთხილად გაუზიაროს მასწავლებლებს საკუთარი მოსაზრებები. დაბალანსებული უკუკავშირი გულისხმობს როგორც წარმატების აღიარებას, ასევე იმ მხარეების გამოვლენას, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
ამ შემთხვევაში კომენტარი შედგება ორი ნაწილისგან:
• წარმატებული პრაქტიკის აღიარება. აღნიშნეთ, რა იყო კარგი გაკვეთილზე.
• პრობლემური მხარეების გამოვლენა. აღნიშნეთ, რას ესაჭიროება გაუმჯობესება და მიეცით რჩევა, როგორ შეიძლება ამის გაუმჯობესება, თანაც დაუსაბუთეთ, რატომ არის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა უკეთესი.
Комментариев нет:
Отправить комментарий