რას დაეფუძნა მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში გამოყენებული
თვითშეფასების კითხვარი?
თვითშეფასების კითხვარი დაეფუძნა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. თვითშეფასების საფუძველზე მასწავლებელი საკუთარ საქმიანობას აფასებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ორი მიმართულებით – მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა და პროფესიული განვითარება.
რა პერიოდულობით ავსებს მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარს?
სქემაში ჩართული ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებელი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ავსებს თვითშეფასების კითხვარს და აფასებს საკუთარ საქმიანობას.
როგორია თვითშეფასების კითხვარის სტრუქტურა?
თვითშეფასების კითხვარი შედგება ორი მიმართულებისაგან. ესენია: 1. სასწავლო პროცესის მართვა და 2. პროფესიული პასუხისმგებლობები, რომლებიც, თავის მხრივ, განაწილებულია სფეროებად, ქვესფეროებად, ბლოკებად და პუნქტებად. თითოეული პუნქტი შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ინდიკატორი. მასწავლებელი თითოეულ პუნქტთან საკუთარი პრაქტიკის შესაბამისობას აფასებს ოთხდონიანი შეფასების სკალით. შეფასების თითოეული დონე მიუთითებს, იყენებს თუ არა მასწავლებელი ამა თუ იმ პუნქტში მოცემულ დებულებას პედაგოგიური საქმიანობისას და რა ინტენსიურობით. ასევე, შეფასების კითხვარში, თითოეული პუნქტის გასწვრივ, მოცემულია გრაფა, რომელსაც მასწავლებელი მონიშნავს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პუნქტი არ შეესაბამება მის პედაგოგიურ პრაქტიკას, კერძოდ, მისი საგნის სპეციფიკას. მაგ., თუ სპორტის მასწავლებელი ავსებს თვითშეფასების კითხვარს და უნდა შეაფასოს პუნქტი – რამდენად, თხოვს მოსწავლეებს, რომ ერთმანეთთან დააკავშირონ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა ან სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნან ახალი სტრუქტურა, ის მონიშნავს გრაფას – არ შეესაბამება ჩემს პრაქტიკას, რადგან ამგვარი აქტივობის განხორციელება სპორტის გაკვეთილებზე არ არის გათვალისწინებული.
თითოეულ ქვესფეროში მოცემული პუნქტების შევსების შემდეგ მასწავლებელი ახდენს თვითრეფლექსიას, იხსენებს მაგალითებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან, რომლებიც წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რა აქტივობებს ახორციელებდა მასწავლებელი ქვესფეროში მოცემული ინდიკატორების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლმა თვითშეფასებით აღმოაჩინა, რომ ამ კონკრეტულ ქვესფეროში გასაუმჯობესებელი აქვს რომელიმე პუნქტი, ის სახავს გზას, თუ როგორ, რა აქტივობების განახორციელებით არის შესაძლებელი ამ ხარვეზების აღმოფხვრა.
როგორ უნდა გადაამოწმოს მასწავლებელმა, რამდენად ობიექტურია იგი საკუთარი საქმიანობის შეფასებისას? ყველასათვის ცნობილია, რომ მასწავლებლის თითოეული ქმედება პირდაპირ აისახება მოსწავლეთა ქცევაზე. სწორედ ამიტომ, თვითშეფასების კითხვარში ყოველი ქვესფეროს ბოლოს აღწერილია მოსწავლეთა სასურველი ქცევა, რომელიც პირდაპირი მაჩვენებელია, რამდენად შეესაბამება მასწავლებლის ქმედება ქვესფეროში მოცემულ თითოეული პუნქტის დებულებას.
რაში დაეხმარება მასწავლებელს თვითშეფასების შედეგები?
·
თვითშეფასების კითხვარი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მასწავლებლის მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომლის ძირითადი მიზანია, მასწავლებელმა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტის მოთხოვნებს, გამოავლინოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობებით გაიუმჯობესოს პრაქტიკა, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება სქემით გათვალისწინებული დანარჩენი აქტივობების წარმატებით განხორციელებაში.
·
მაგალითად, თუ მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარზე მუშაობისას აღმოაჩენს, რომ უჭირს საკუთარი „პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება, შეგროვილი ინფორმაციის გაანალიზება, გადაჭრის ეფექტიანი გზების განსაზღვრა, ინტერვენციების განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება“ (იხ. მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი), იგი გეგმავს პროფესიული განვითარების სხვადახვა აქტივობას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ეს აქტივობები შეიძლება იყოს: პრაქტიკის კვლევის ტრენინგის გავლა, კვლევის შესახებ პროფესიული ლიტერატურის გაცნობა, იმ კოლეგის პრაქტიკის გაზიარება, რომელსაც აქვს კვლევის გამოცდილება და ა.შ.
როგორ ფასდება თვითშეფასების კითხვარი?
მიუხედავად იმისა, რომ თვითშეფასების კითხვარი არის სქემით განსაზღვრული სავალდებულო აქტივობა ნებისმიერი სტატუსის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად, იგი არ ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითშეფასებაში მასწავლებელს არ მიენიჭება კრედიტქულა. მას აქვს მხოლოდ განმავითარებელი ფუნქცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий